სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა.
როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიას არაერთმა მოქალაქემ მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე.
სემეკ-ის ცნობით, კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.