მეცნიერების მტკიცებით, პლანეტის უძველეს "მოსახლედ" სწორედ ქვეწარმავალი ითვლება, რომელიც ამფიბიასთან ერთად რამდენიმე მილიონი წლის წინ გადასახლდა ოკეანის სიღრმიდან ხმელეთზე, წარმატებით მოერგო ბინადრობის ახალ გარემოს და დღესაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს. მრავალრიცხოვან ქვეწარმავალს შორის განსაკუთრებული ადგილი გველს უჭირავს, რომელიც ბუნებაში დაახლოებით 2 500, მათ შორის 400-მდე შხამიანი სახეობითაა წარმოდგენილი და მთელ პლანეტაზე ვრცელდება პოლარული რეგიონების, ირლანდიის და ისლანდიის, გრენლანდიისა და ახალი ზელანდიის გარდა. ზოგადად, ცივსისხლიანი გველი თბილი, ცხელი კლიმატის ქვეყნებში ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას და მეტწილად აფრიკის კონტინენტზე ვრცელდება, სადაც უნიკალური თვისებების წყალობით, მრავალრიცხოვანი ოჯახის ყველაზე შხამიანი წარმომადგენელი შავი მამბა ანუ როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ "შავი სიკვდილი" სარგებლობს განსაკუთრებით მრისხანე რეპუტაციით.