ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. შესაბამისად, სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.