მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არასანქცირებულ დემონსტრაციაზე რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ. აქციაზე პოლიციელის დაშავების ფაქტებიც დაფიქსირდა. 33 წლის პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, უცნობმა პირებმა რამდენჯერმე განზრახ ჩაარტყეს თავის არეში დაუდგენელი საგანი. მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსეთის მასშტაბით გაიმართა. რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.