მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის ინტერესებს ადვოკატები ვადიმ კობზევი და ოლგა მიხაილოვა იცავენ. სასამართლოს დარბაზში ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და მედიის ათობით წარმომადგენელიც იმყოფებიან. სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები უნდა განიხილონ, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია.
ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.