მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში ფასების ზრდას მოელის, აისეტის კვლევის თანახმად, აღნიშნული - დარგში ამოქმედებულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. დეველოპერები უძრავი ქონების გაძვირებაზე, ბიუროკრატიული ბარიერების მატებასა და ახალი საცხოვრებელი ფართების მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობენ. მენაშენეთა ასოციაციის განმარტებით, გასულ წელს მიღებულმა სამშენებლო რეგლამენტა დარგში ინვესტირება მნიშვნელოვნად შეამცირა. ივნისში ეკონომიკური ზრდა შემცირდა და 4% შეადგინა. მთავრობამ აღნიშნული სამშენებლო სექტორში ტემპის შენელებით ახსნა. ეკონომიკის ექსპერტების თქმით მშენებლობა, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება სხვა უფრო მნშვნელოვან ფაქტორებსაც უკავშირდება.2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620 გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და სხვა.