თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა. როგორც ილია ელოშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორპუსის მდგრადობაზე ლაბორატორია დასკვნას გასცემს, მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების აღება შეეძლებათ. ამასთან მერის მოადგილე აცხადებს, რომ მოსახლეობას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება. მანამდე კი გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქირით უზრუნველყოფა დაიწყება. ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის ინფორმაციით უკვე შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რათა კორპუსის მცხოვრებლები ჯერ სასტუმროებში გაიყვანონ, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში მათ ბინები უქირაონ. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა. აფეთქებას ნგრევაც მოყვა. პირველად ინფორმაციით 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.