ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.