ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის. ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა. ცვლილებით მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.
ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუ ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა - შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი იქნება. ანალოგიურად შემოწმდება ასევე დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს, 2019 წლიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.