ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ფინანსურ ინსტიტუტებს ახალ ვალდებულებებს უწესებს, რომელიც ძალაში 2018 წლის 14 მაისიდან შევა. ცვლილებების მიხედვით, სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები გამკაცრდა. კერძოდ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მომხარებელს პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებაც მიაწოდოს ინფორმაცია. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა: ინტერნეტ-ბანკი, ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სხვა.
ამასთან, ცვლილებებით ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესიც განისაზღვრა. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ფინანსურ ორგანიზაციებს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენების ვალდებულებაც ექნებათ.