ზღვის კატის უახლოეს ნათესავად მიჩნეული ზღვის ლომი, რომელიც ფარფლფეხიანი ძუძუმწოვრების კლასს და ყურებიან სელაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, გავრცელების არეალის მიხედვით ხუთ ძირითად - ჩრდილოეთის და სამხრეთის, ახალზელანდიურ, ავსტრალიურ და კალიფორნიულ სახეობად იყოფა. ცხოველი მეტწილად ქვიან და ქვიშიან სანაპიროზე იდებს ბინას, სადაც სრულ ბატონ–პატრონად გრძნობს თავს.
ზღვის ლომს უზარმაზარი მოკვერცხლილი, თუმცა სელაპისებრთა ოჯახის ნათესავებისგან განსხვავებით, მოქნილი და მოხდენილი ტანი აქვს, რომლის სიგრძე 3–3,5 მეტრს აღწევს. ზრდასრული მამრის წონა საშუალოდ 1 ტონას შეადგენს და საგრძნობლად აღემატება მდედრისას, რომელიც თავისი 700 კილოგრამით ბევრად გრაციოზულად გამოიყურება, ვიდრე მისი მასიური პარტნიორი.
ცხოველს გრძელი და მოქნილი კისერი, მცირე ზომის თავი და ოდნავ ამობურცული, საოცრად მეტყველი თვალები აქვს, წაგრძელებულ სახეს კი, სქელი ვიბრისები (იგივე ულვაში) ამშვენებს, რომლის წყალობით უმცირეს რხევებსაც უშეცდომოდ განსაზღვრავს. ზრდასრულ მამრს დანარჩენებისგან კისერზე წამოზრდილი მოკლე ფაფარი განასხვავებს. მართალია, ცხოველმა სწორედ ფაფარის და ხრინწიანი ღრენის წყალობით შეიძინა ზღვის ლომის სახელი, მაგრამ გარეგნული მახასიათბლებით აბსოლუტურად არ ჰგავს ხმელეთის თანამოძმეს.
გამკვრივებული ფარფლისებრი კიდურებით და კარგად განვითარებული, საოცრად მობილური თათებით, რომლითაც ხმელეთზე გადაადგილდება, ზღვის ლომი სელაპისებრთა ოჯახის ტლანქ და მოუქნელ წარმომადგენლებს ჯაბნის, თუმცა, ნაცრისფრი ან მუქი მურა, თითქმის შავი, მოკლე და მეჩხერი ბეწვით ბევრად ჩამორჩება ნათესავებს, რადგან მათი ძვირფასი "ქურქისგან" განსხვავებით მისი ბეწვის საფარი ბევრად დაბალი ხარისხისაა და ნაკლებად ფასობს. თუმცა, სწორედ ამგვარმა "ნაკლმა" იხსნა ზღვის ლომი ბრაკონიერების მასიური თავდასხმისა და გადაშენებისგან.