მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, "ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს" მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან. მიზეზი წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად კომერციული ტარიფით დარიცხვა და დაკისრებული ჯარიმებია. მოქალაქეების ინტერესს სემეკში ენერგოომბუდსმენი იცავს. სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი მოქალაქეებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, კომპანიის წინააღმდეგ დავა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება. ენერგოომბუდსმენის შენიშვნებს არ ეთანხმებიან ჯივიპიში. კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ყველა იმ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, რომელიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებს, შესაბამისი გადასახადი უნდა გადაიხადოს. მისივე განმარტებით, საყოფაცხოვრებო ტარიფის გადასახადი 1 კუბურ მეტრ წყალზე 33 თეთრი, არასაყოფაცხოვრებო გადასახადი კი 4 ლარი და 40 თეთრი.
რა ტარიფით გადაიხდიან წყლის გადასახადს მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს აქირავებენ, პირველ ნოემბერს სემეკის სხდომაზე გადაწყდება. საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში უკვე ორი ზეპირი მოსმენა გაიმართა.