"ქართულმა საზოგადოებამ, აქტივისტების მეთაურობით, აჩვენა, რომ ის რაზეც ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასა ერთიანდება, არის ჩვენი თავისუფლება,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 20 ივნისის შემდგომ მოვლენებსა და აქციას "სირცხვილია".მისივე თქმით, მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის წყალობით, ივანიშვილს მოუწია მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლა და ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. პარლამენტთან გამართულ აქციას აფასებენ მთავრობის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია და შეუძლია ვისაც როგორ უნდა ისე გამოხატოს თავისი პროტესტი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ აქციაზე ოკუპაციის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის არის გამოყენებული. გარდა ამისა, მდინარაძე პასუხობს ხელისუფლების მიმართ აქციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს და მას უსაფუძვლო და მოგონილი უწოდა.