დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. სპორტსმენებმა დუშეთში შეკრება შეწყვიტეს და ამბობენ, რომ ვარჯიშის გაგრძელებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. მოჭიდავეების თქმით, განხეთქილება შიდა ოჯახში უნდა მოგვარდეს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 11 იანვარს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.