მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი 2017 წელს 448 მილიონი ლარი იყო, რაც 2016 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.8%-ით ანუ 32 მილიონ 700 ათასი ლარით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46.3%-ს, "ჯეოსელის" - 36.3%-ს, "ვიონი საქართველოს" (ბილაინი) - 16.6%-ს, "სილქნეტის" კი 0.2%-ს შეადგენდა. რაც შეეხება მათ საბაზრო წილს აბონენტების რაოდენობის მიხედვით, კომისიის ცნობით, გასული წლის ბოლოს მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით "მაგთიკომის" საბაზრო წილმა 37.7%, "ჯეოსელის" - 35.4%, „ვიონი საქართველოს“ - 26.65%, "სილქნეტის" კი - 0.3% შეადგინა.