იუსტიციის სამინისტროს წარმატებული პროექტის − „მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. ის მცხეთა-მთიანეთის 5 სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 000-ზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. მისი მომსახურებით სარგებლობას წეროვანის დასახლებაში კომპაქტურად დასახლებული, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები საცხოვრებელ ადგილას შეძლებენ დასახლებიდან გაუსვლელად. მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ იუსტიციის სახლის სერვისები პირადად იუსტიციის მინისტრისაგან მიიღო. რატი ბრეგაძემ წეროვანში მცხოვრებ მარიამ ჭულუხაძეს შვილის დაბადების მოწმობა გადასცა. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.