მმართველი გუნდი აუცილებლად დაელოდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, - ასე პასუხობს მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკას. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდამაზე განხილვისას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს.ცვლილებების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო ორთვიანი გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ე.წ. ამერიკული მოდელის შესაბამისად გაესაუბრებიან, რაც კანდიდატების ინდივიდუალურ რეჟიმში მოსმენას გულისხმობს.