მკვლევარები მუშაობენ ახალ უპილოტო ავტომობილებზე, რომლებიც შუქნიშნებსა და სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმების გაქრობას გამოიწვევს. წარმოიდგინეთ ყოველდღიური ქაოტური მოძრაობა მსოფლიოს დიდ ქალაქებში. ავტომატიზირებული და ერთმანეთთან დაკავშირებული ავტომობილები ასეთ დროს შეძლებენ იმოძრაონ გაცილებით უფრო მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად მძღოლის დახმარების გარეშე. ახალი ტექნოლოგიის წყალობით, როდესაც თქვენ წინ ავტომობილი სიჩქარეს მოუმატებს, მოუმატებს თქვენი მანქანაც, ხოლო როდესაც წინ მიმავალი ავტომანქანა გააჩერებს, თქვენიც დაამუხრუჭებს. მარტივად რომ ვთქვათ უპილოტო ავტომობილები ერთმანეთთან შეთანხმებულად იმოძრავებენ. დელავერის უნივერსიტეტის მკვლევარი ანდრეას მალიკოპულოსი მუშაობს კონტროლის თეორიაზე, რაც მომავლის ტექნოლოგიის ალგორითმს უზრუნველყოფს. ბოლო ორ კვლევაში მალიკოპულოსი აღწერს იმ ინოვაციების არსს, რომლებიც ეხება ერთმანეთთან დაკავშირებულ და ავტომატიზირებულ სატრანსპორტო ტექნოლოგიებს. „ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგიები დაეხმარება ადამიანებს მიაღწიონ დანიშნულების ადგილამდე უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ, ასევე ნაკლები საწვავით, რაც დანახარჯებსაც შეამცირებს“, - აღნიშნა სისტემაზე მომუშავე მკვლევარმა. აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით საფრთხე ემუქრება შუქნიშნებს, თუმცა, ეს ძალიან შორეული მომავალია. თუ ავტომობილები ავტომატურად ერთმანეთის მანევრების თანმიმდევრულად იმოძრავებენ, მაშინ შუქნიშანი საჭირო აღარ იქნება მათი მოძრაობის დასარეგულირებლად.