აგატა კრისტის რომანმა „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ თავისი დაძაბული სიუჟეტითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით, 1934 წელს, გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა მკითხველის მოწონება, გაზეთმა Times-მა კი, ვრცელი სტატია მიუძღვნა და კრისტის საუკეთესო ნამუშევრად შეაფასა. შთაგონების წყაროდ იქცა კრისტის შემოქმედება რეჟისორების რამდენიმე თაობისთვისაც, რომელთაც საკუთარი ინტერპრეტაციით გადაიტანეს მისი რომანები ეკრანზე. მრავალრიცხოვან ავტორებს შორის აღმოჩნდა კენეტ ბრანაც, თუმცა ირლანდიელმა რეჟისორმა არა მხოლოდ კლასიკური რომანის მესამე და სრულიად განსხვავებული ვერსია შესთავაზა მაყურებელს, არამედ თავად შეასრულა მთავარი როლიც.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომანის სიუჟეტი. "აღმოსავლეთის ექსპრესის" სახელით ცნობილ მატარებელში, რომელიც თითქმის მთელი ევროპის გავლით სტამბოლიდან ლონდონში კურსირებს, მგზავრები საზარელი მკვლელობის მოწმე ხდებიან, თუმცა მოგზაურებს შორისაა ცნობილი დეტექტივი ერკიულ პუაროც, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იდუმალებით მოცული საქმის გამოძიებას.