ერთ წელზე მეტია, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამის მიზეზად დაბალ ხარისხსა და პროდუქციის არასაკმარის რაოდენობას ასახელებენ. მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქართული თაფლი ვროპის ბაზარზე მინიმუმ სამი წელი მაინც ვერ მოხვდება. ამის მიზეზად კი გიორგი კეპაშვილი მეფუტკრეთა კვალიფიკაციასა და საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიის არარსებობას ასახელებსშპს „ მეთაფლიას“ დირექტორი ამბობს, რომ საქართველო თაფლის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს კრიტერიუმი კი ნებისმიერი ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა ოთარ ზირაქიშვილის თქმით, საქართველოში თაფლი ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ ძვირია და მისი საექსპორტო ფასი ევროპაში ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება. „მეთაფლიას“ დირექტორის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა უწყვეტი წარმოებაა. საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტზე გასული თაფლის რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება. კერძოდ, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე - 73 ათას 100 დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 21ათას 200 დოლარი იყო, 2017 წელს კი მხოლოდ 15 ათას 800 დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.