შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 844-ით გაიზრდა და ბოლო 3 თვეში ჯამში 9175 შეადგინა. აქედან 1642 ადამიანი მძიმედ დაშავდა 78 კი გარდაიცვალა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად გარკვეული რეფორმების გატარებაა საჭირო, მაგალითად, აუცილებელია ძალაში შევიდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“, რომელიც წესით 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.ავტოსაგზაო შემთხვევევების შესამცირებლად, მძროლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებაზე საუბრობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელიც. დევი ხეჩინაშვილის თქმით აღნიშნული დაზღვევის ამოქმედება დიდ წილად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს. ცნობისათვის, "ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა" გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. კერძოდ, მზღვეველი ვალდებული იქნება მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.