ტკივილი მუხლის სახსრებში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული: ართრიტით ან ართროზით.როგორც სიმპტომი, ის შესაძლოა თან ახლდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ატმოსფერულ მოვლენებთან მიმართებაში, განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს. მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო. ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას.
ხანდაზმულებში მუხლის სახსრების ტკივილი სასახსრე ნაპრალში სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში, სახსარში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება. სპეციალისტები გვირჩევენ, გავუფრთხილდეთ მუხლის სახსრებს და დავიცვათ ისინი მეტისმეტი დატვირთვისგან. თუმცა უმოძრაობა და მცირე დატვირთვაც ასევე მავნებელია. მან შესაძლოა საბოლოო ჯამში მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ატროფია გამოიწვიოს. სპეციალისტები გვირჩევენ არ შეზღუდოთ მოძრაობა და არ განაცხადოთ უარი სიარულზე. პირიქით, დღეში 2-3 საათით მაინც გაისეირნეთ. მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ, ისეთი, რომელიც სიარულისას არ შეგაწუხებთ. გახსოვდეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული განსაკუთრებულად ძაბავს ფეხის კუნთებს და ღლის მუხლის სახსრებს.