თბილისის მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი უკვე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს მასში მონაწილეობისთვის საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული. კერძოდ, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში „ბე"-ს სახით 3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. ამასთან, საწყისი საპრივატიზებო საფასური 11 მილიონ 847 ათას 125 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 ათას ლარს შეადგენს.