შვედეთში, გეტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერების განზრახვას მასიური პროტესტი მოყვა. სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, 6 ლაბრადორი, ექსპერიმენტის ფარგლებში, სიცოცხლეს გამოასალმონ. ექსპერიმენტი ხელს შეუწყობს კბილის იმპლანტების უკეთ შესწავლას. შეძლებენ თუ არა ცხოველთა დამცველები ძაღლების გადარჩენას, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ათასობით ადამიანი ექვსი ლაბრადორის მკვლელობის წინააღმდეგია. ცხოველები მკვლევარებმა კბილის იმპლანტაციის ექსპერიმენტისთვის მოამზადეს, რათა პროცედურის ხარისხი გაუმჯობესდეს. ცხოველთა დამცველებმა შეადგინეს პეტიცია, სადაც მოთხოვნილია, აიკრძალოს ცხოველებზე ცდების ჩატარება. პეტიციას ხელს აწერს 80 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც აღშფოთებულნი არიან მკვლევართა დამოკიდებულებით ცხოველებისადმი. ძაღლებს უკვე ამოუღეს კბილების მესამედი. მომავალში მათი ევთანაზია იგეგმება, რათა შეისწავლონ, თუ რა გავლენა მოახდინა კბილის იმპლანტაციამ ცხოველის ქსოვილსა და სისხლზე.უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტის, ჰორან ლანდერმის თქმით, მათთვის რთულია, საერთო ენა იპოვონ არსებულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, დიალოგი აუცილებელია. პეტიციას ერთ კვირაში 84 ათასი ხელმოწერა ჰქონდა. ზოგიერთმა ხელმომწერმა ძაღლების აყვანის სურვილიც გამოთქვა. შვედეთში დაშვებულია ცხოველებზე ექსპერიმენტი იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შემთხვევა ნებადართულია ეთიკური ქცევის კომიტეტის მიერ, რომელიც შვედეთის სოფლის მეურნეობას ეკუთვნის. კომიტეტი მსგავს ნებართვას გასცემს, თუ მეცნიერებს კვლევის ჩასატარებლად სხვა შესაძლებლობა არ აქვთ. ცხოველთა დამცველებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზეს ღია დებატებში მონაწილეობა, რათა გაერკვიათ, თუ რა მეთოდები იქნება კიდევ გამოყენებული არსებულ ექსპერიმენტში,თუმცა,მკვლევარები პირისპირ დიალოგს თავს არიდებენ.ძაღლები ექსპერიმენტის ჩასატარებლად იმ მიზეზით შეარჩიეს, რომ მათი პირის ღრუსა და ნერწყვის ბაქტერიები ადამიანის იდენტურია.