ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელების მიხედვით მსოფლიოში კარიესის შემდეგ მეორე ადგილზეა. სპეციალისტთა განცხადებით, ამა თუ იმ სახით მისი აღმოჩენა 30 წელს გადაცილებულ პრაქტიკულად ყველა ადამიანთან შეიძლება, განსხვავება მხოლოდ განვითარების სტადიაშია. ამ პათოლოგიას 6 სტადია აქვს. ყველაზე მძიმე სტადიებს ქალები ჰორმონული ფონის დარღვევის, მშობიარობისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამო აწყდებიან. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად გაუნძრევლადაა ერთ პოზაში, მაგალითად ზის, წვივისა და ტერფის კუნთები ვერ ფუნქციობს, რის გამოც სისხლძარღვთა ტონუსი სუსტდება და სისხლი გუბდება. თუ უწინ ამ დაავადებით იმ პროფესიის ადამიანები იტანჯებოდნენ, რომლებსაც ხანგრძლივად უწევდათ ფეხზე დგომა, სადღეისოდ, უმოძრაო ცხოვრებისა და კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომის გამო, ვენების ვარიკოზი ბევრ ადამიანს აღენიშნება. ბოლო პერიოდში ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა - "კომპიუტერული ვარიკოზი".გამოსავალი მხოლოდ მოძრაობაა, მით უფრო, კომპიუტერთან მუშაობისას, აუცილებელია პერიოდულად ვარჯიში. სასურველია წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ ოთახში და შეასრულოთ 15-20-წუთიანი ვარჯიში. განსაკუთრებულად სასარგებლოა ცურვა. ის მატონიზებლად მოქმედებს მთელი სხეულის სისხლძარღვებზე, ასტიმულირებს ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევას.