ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან შეფარდებული სასჯელის მოხდა დღეს დაასრულა. გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. სუბელიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა.
მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ სუბელიანმა მისი ჩარევის შედეგად, გამოძიების მიკერძოებულობა გამოიწვია, ასევე, ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე, გამოძიებას ხელი შეუშალა და ცრუ ჩვენება მისცა.