ჭიამაია - მინიატიურულ ჭიამაიას, რომელსაც ადამიანები ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ, რადგან მზის ღმერთის წარგზავნილად მიიჩნევდნენ, დღესაც უამრავი ცრურწმენა უკავშირდება. მეტიც, ბევრისთვის სწორედ წინწკლებიანი მწერია საუკეთესო მეტეოროლოგი, რადგან ხელის გულიდან აფრენილი ჭიამაია აუცილებლად კარგი ამინდის მომასწავებლად ითვლება, ხელისგულზე დარჩენილი კი, მხოლოდ ავდარს პროგნოზირებს.
ჭიამაია ის იშვიათი მწერია, რომელიც ყველა კონტინენტზე ვრცელდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებს ერგება ანტარქტიდის გარდა. თუმცა, მწერი სახეობის მიხედვით ირჩევს გარემოს დასაბინავებლად, რადგან ზოგი მხოლოდ მცენარეებზე იშენებს ბუდეს, ზოგი წყალსატევთან ახლოს ისლსა და ლერწამში იდებს ბინას, ზოგს კი, კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებლად მინდვრის ბალახი სჭირდება.
პატარა ჭიამაიას, რომლის სიგრძე მაქსიმუმ 10 მილიმეტრს შეადგენს მცირე ზომის თავი, მუცელი და სამნაწილიანი გულმკერდი, ფრთები და სამი წყვილი თათი აქვს. მწერის მრგვალი ან ოვალური ტანის ქვედა ნაწილი სწორი და ბრტყელია, ზედა კი - ამობურცული და წვრილი ბუსუსით დაფარული. სხვათა შორის, პრონოტუმთან (ფირფიტის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მწერის გულმკერდის ზურგის ზედაპირს ან მის ნაწილს ფარავს) შეზრდილ თავს, რომელსაც მასიური თვალები და მგრძნობიარე ულვაში ამშვენებს, ჭიამაია ვერასდროს ამოძრავებს.