საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალს სავარაუდოდ დღეს დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განაცხადა.შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე გუშინ დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.