2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28 მილიონ 300 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ღვინო“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მილიონამდე ამერიკული დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის გარდა, 2021 წლის 1-ელ ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10 მილიონ 200 ათასი ბოთლი ბრენდი და 195 ათასი ბოთლი ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 12%-ით და 19 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 500 ათას დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 25%-ია.
ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106 მილიონ 300 ათასი დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.