შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტის „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, ასევე, ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.