საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.
აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 9 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.