საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.
პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა.
რაც შეეხება აღმზრდელი პედაგოგების მხარდაჭერას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან, მისივე თქმით, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.