ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის შემოსავლებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49,36 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-იანი ზრდაა. შესაბამის მონაცემებს კომპანია ავრცელებს.
გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ამ სამთვიან საანგარიშო პერიოდში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანიის სუფთა მოგებამ 16,72 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 8%-იანი ზრდაა. ამასთან, ოპერაციულმა შემოსავლებმა შეადგინა 20,36 მლრდ დოლარი, რაც 19%-იანი ზრდაა. როგორც ტელეკომპანია CNBC წერს, კომპანიის ფინანსურმა მონაცემებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.
კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით კი, კომპანიის კარგი შემოსავლები მეტწილად დაკავშირებულია მის ღრუბლოვან სერვისზე მზარდი მოთხოვნით.