სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 5 მილიონ 33 ათას 323 მგზავრს მოემსახურა. მათივე ცნობით, 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, გასული წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მილიონ 808 ათას 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 ათას 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა და სულ გადაყვანილ იქნა 617 ათას 373 მგზავრი.
რაც შეეხება განხორციელებულ რეისებს, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 ათას 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 24 ათას 536 იყო, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა - 21 ათას 519-ს, ხოლო ჩარტერების - 3 ათას 17-ს შეადგენდა.