მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი" და მომღერალი მარი ხაჩიძე შვეიცარიაში მიემგზავრებიან, სადაც ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ Volkskulturfest Obwald-ში მიიღებენ მონაწილეობას. ობვალდენის კანტონში, გისვილის მუნიციპალიტეტში გაიმართება ფოლკლორული მუსიკის დასკვნითი, რიგით მე-16 ფესტივალი (Volkskulturfest), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ ფესტივალში 15 წლის განმავლობაში გამორჩეული მუსიკოსები და ანსამბლები.
დიდგორმა ობვალდის ფესტივალში მონაწილეობა 2017 წელს მიიღო. ფესტივალში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობენ მუსიკოსები მონღოლეთიდან, ანდალუსიდან (ესპანეთი) და საქართველოდან. ფესტივალის ფარგლებში 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება კონცერტები.
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. დიდგორის საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, მოიძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს. დიდგორი აქტიურად მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2012 წლიდან ანსამბლი პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში მართავს კონცერტებს რეგიონების ადგილობრივ მომღერლებთან ერთად. 2013 წელს რიგაში სასულიერო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალზე დიდგორი და ლატვიის სახელმწიფო გუნდი წარსდგა ერთობლივი კონცერტით, რომელზეც შესრულდა ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე ლატვიელი კომპოზიტორების მიერ ამ პროექტისათვის შექმნილი ნაწარმოებები, მათში ორგანულად ჩართული ქართული ავთენტური სიმღერა-გალობით. კონცერტი განმეორდა თბილისის VII სიმპოზიუმის ფარგლებში თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში (2014). ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში ახალი თაობა, „დიდგორს“ გადაეცა ფონდ “ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი (2015). იგი 2015-16 წწ. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორია.