შუახევის სოფლებში და საავტომობილო გზებზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფლებში - ნაღვარევი და ინწკვირეთი მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ადგილობრივები გარესამყაროს არიან მოწყვეტილი. ასევე, სოფელ ჯაბნიძეებსა და ფურტიოში საავტომობილო გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი. შუახევის გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სავარუდოდ დღის ბოლომდე აღუდგება. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მეწყერი ჩამოწვა გვიან ღამით ქედის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზის გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა. შედეგად, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება უკვე შესაძლებელია.