მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ სულ მალე ებოლას ვირუსისგან განკურნება შესაძლებელი იქნება, რაც ათასობით ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ებოლას ვირუსი ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელდა და 1800-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ექიმები, რომლებიც კონგოში ებოლას ვირუსის დამარცხებას ცდილობენ, აცხადებენ, რომ ისინი ვირუსით დაინფიცირებულებს 4 პრეპარატს აძლევდნენ, რომელთაგან 2 ეფექტური აღმოჩნდა და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყების შემთხვევაში პაციენტთა გადარჩენის 90%-იან შანსს იძლევა.
17 ივლისს არსებული საფრთხის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ისინი მოუწოდებენ კონგოს ხელისუფლებას მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება კონგოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის, რათა ვირუსის გავრცელება აღარ მოხდეს.