„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის სექტორებსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების საგუშაგოებს, ასევე, სვანეთში განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს. შსს-ს ცნობით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დამუშავდა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე პოლიციის შენობები, დაცვის პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები. სპეციალური ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარდა შენობების საერთო დარბაზებსა და თანამშრომელთა ოთახებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამუშავდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბარჯასა და ლენჯერში განთავსებული კარვებიც, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს.