2004 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ დოდო აფრასიძემ ადვოკატთან და შვილიშვილთან ერთად აფრასიძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანა. დოდო აფრასიძის თქმით, გამოძიება 7 წელია მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ არის დასჯილი, სწორედ ამიტომ იგი აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს და პირადად სთხოვოს აღნიშნული საქმით დაინტერესება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აპირებს. შეგახსენებთ 2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს.