არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მიერ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ცვლილებების პროექტზე განცხადებას ავრცელებენ. მესამე სექტორში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტს მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ. რაც შეეხება ბლოკების გაუქმების ინიციატივას, მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს და არ არის მიზანშეწონილი. ამასთან არასამთავრობოები მიესალმებიან ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, თუმცა არ ეთანხმებიან ვერსიას, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მინიჭებას გულისხმობს.