გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთს სადავო „ბექსთოფის“ საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის 30 დღე მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ბექსთოფი“, რომელიც გასვლის ხელშეკრულების ნაწილია, ხელშეკრულებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ. თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ „ბექსთოფის“ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისების შესაძლებლობა არსებობს.
„ბექსთოფის“ გეგმა მიზნად ისახავს ირლანდიასთან მყარი საზღვრის თავიდან აცილებას. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გარკვეული წესები იმოქმედებს.
ორი დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს.