2020 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დასრულებული სამშენებლო ობიექტების 23,9% ექსპლუატაციაში არ მიიღო. კერძოდ, საუბარია, 117 ობიექტზე. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, 2020 წელს თბილისში მშენებლობის დამკვეთების მიერ მუნიციპალურ ინსპექციაში შევიდა 489 განცხადება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით. აქედან, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ეთქვა 117 ობიექტის დამკვეთს, ხოლო 191 ექსპლუატაციაში მიიღეს. ასევე, განცხადებების ნაწილი განხილვის პროცესშია.
რაც შეეხება 2019 წელს, შარშან მშენებლობის დამკვეთების მიერ მუნიციპალურ ინსპექციაში ექსპლუატაციაში მიღების თხოვნით ათას 425 განცხადება შევიდა, საიდანაც 36,4%-ს ანუ 519 ობიექტს უარი ეთქვა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში მიიღეს 779 ობიექტი. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო კი შემოსული განცხადებების ნაწილი განუხილველი დარჩა.