თბილისის მერია 2020 წელს ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობას იწყებს. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს დაავალა, რომ ორ კვირაში შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
როგორც კალაძე აცხადებს, მისთვის, როგორც მერისთვის, მიუღებელია მიკროავტობუსების იმ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში, როგორშიც დღეს არის.
ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული თანხა ორ ძირითად მიმართულებას მოხმარდება - ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასა და ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებს.