ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა ტერიტორია მეწყერულ ზონაშია მოქცეული, რის გამოც აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გეოლოგიური დასკვნის მომზადება. მოსახლეობა კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართეს თბილისის მერიას, მომავალი კვირიდან კი, აღნიშნულთან დაკავშირებით დავას სასამართლოში დაიწყებენ. წყნეთის ქუჩაზე შეკრებილ ადგილობრივებს შეუერთდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.