„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა საანგარიშო პერიოდში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63 მილიონ 700 ათას დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38 მილიონ 400 ათასი დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროებისა და რესტორნების სექტორია 28 მილიონ 100 ათასი დოლარით.
რაც შეეხება საქართველოს უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს, 2019 წლის მე-2 კვრტალში პირველ ადგილზე იყო ნიდერლანდი - 31.1 პროცენტით, მას მოსდევს თურქეთი - 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატებია - 14.7 პროცენტით.