მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლგა სანჩესი აცხადებს, რომ დაახლოებით 300 000 მიგრანტს აქვს განზრახული მიმდინარე წელს მექსიკის გავლით აშშ-ში ჩავიდეს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიიღებს საჭირო ზომებს მათ შესაჩერებლად. მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 1000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი აშშ-მა უკან მექსიკაში გააბრუნა. მათ მანამ არ ექნებათ აშშ-ში ჩასვლის უფლება, ვიდრე ვაშინგტონი გადაწყვეტილებას არ მიიღებს მიანიჭოს თუ არა მათ თავშესაფარი. ამას კი შესაძლოა წლები დასჭირდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიგრანტები მექსიკის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ. ეს პრობლემებს უქმნის მექსიკასაც. თუმცა, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა პირობა დადო, რომ ცენტრალური ამერიკიდან წამოსულ მიგრანტებს ჰუმანური პირობები ექნებათ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ისინი ცხოვრობენ ბანაკებში, სადაც სანიტარული ვითარება მძიმეა.