მექსიკის სამხრეთ საზღვარს ცენტრალური ამერიკიდან მიმავალი მიგრანტები მიაწყდნენ. მათ მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა სურთ. ლტოლვილების გააქტიურება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ რამდენიმე დღეში ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, მექსიკა საზღვარს ჩაკეტავს. მიგრანტები საზღვრის გადალახვას ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ მათ შორის ტყეებისა და მდინარეების გავლით. ამ სახიფათო ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერების გადალახვას არ ერიდებიან არც ისეთი ოჯახები, რომელთა წევრებიც მცირეწლოვანი ბავშვები და ფეხმძიმე ქალები არიან.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრარდის განცხადებით, ეროვნული გვარდიის 6 ათასი სამხედრო მოსამსახურის საზღვარზე განლაგების პროცესი გუშინ უნდა დაწყებულიყო. მექსიკის ხელისუფლება პარალელურად მოლაპარაკებებს როგორც აშშ-სთან, ასევე ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან აწარმოებს.