მექსიკაში მილსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. როგორც მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 58 ადამიანი კვლავ საავადმყოფოშია, ხოლო ათობით ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. აფეთქება იდალგოს შტატში ორი დღის წინ მოხდა. მილსადენი, რომელიც აფეთქდა, ნავთობკომპანია "პემექსს" ეკუთვნოდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხანძარი საწვავის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე თქმით, ადამიანების ჯგუფმა, სავარაუდოდ საწვავის მოპარვის მიზნით, მილსადენი განზრახ დააზიანა. აღსანიშნავია, რომ მექსიკაში საწვავის მსგავსი გზით ქურდობის შემთხვევები ხშირია. ქვეყნის პრეზიდენტმა არალეგალური გზით მოპოვებული საწვავის გაყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლო დროს აქტიურად დაიწყო, რასაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი მოყვა.