მეგობრის მკვლელობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაზეც წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ სადაო გახადა.
ბექა კვიციანის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მას უკანონო ბრალი წაუყენეს, რის გამოც ის გაღიზიანდა, თუმცა, აცხადებს რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა ბექა კვიციანის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონოსძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც პროკურორმა განმარტა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბექა კვიციანს დამატებით სხვა ბრალიც წარედგინა, კერძოდ კი, დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის. ბიბილაშვილის განცხადებითვე, ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი უაღრესად აგრესიული და დაუნდობელი ხასათი, ასევე ის ფაქტი, რომ ბექა კვიციანი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.
ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.