დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, რომელიც მეგობრის მკვლელობის საქმეზეა ბრალდებული, საკუთარ სასამართლო პროცესს არ ესწრება.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულ ბექა კვიციანის უარის თქმის ოქმია წარმოდგენილი. აღნიშნულის მიხედვით, ბექა კვიციანი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებს. კვიციანის ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მკვლელობის იარაღსა და მასრაზე ბექა კვიციანის დნმ არ ამოვიდა.
რაც შეეხება იმ ვიდეომასალას, სადაც ჩანს თუ როგორ მიაკითხა მოკლულს სამსახურში კვიაციანმა და სავარაუდოდ, ბოლო კომუნიკაციაც მას ჰქონდა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მკვლელობას არ ადასტურებს.
ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.